ა(ა)იპ საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაციის მე-V I I ყრილობა
2023 წლის 16 დეკემბერს გაიმართა ა(ა)იპ „საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის“ მე-VII ყრილობა
ყრილობაზე განიხილეს:
- ასოციაციის პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება.
- ორგანიზაციული საკითხები: გამგეობის წევრთა რიცხვის გაზრდა და ახალი გამგეობის არჩევა.
- საწევრო გადასახადის განსაზღვრა.
- ასოციაციის იურიდიული მისამართის ცვლილება.
- სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორის წინაშე მდგარი ამოცანები და მათ გადაჭრაში ასოციაციის მონაწილეობის სამოქმედო გეგმა.
აღინიშნა, რომ საანგარიშო პერიოდი იყო საკმაოდ რთული და დატვირთული, რადგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველომ აიღო აღნიშნულ სექტორში ევროკავშირის რეგულირების შემოღების ვალდებულება, რის დროულად განხორციელებასაც სერიოზულად შეუშალა ხელი პანდემიამ და მისმა თანმდევმა შედეგებმა. მიუხედავად ამისა ასოციაციის მონაწილეობით შემუშავდა და მიღებული იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ძალაში შევა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებზე და სახელმწიფო სასერტიფიკატო ტესტებზე, რომელთა შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული ასოციაცია.
საკანონმდებლო ცვლილებათა ძალაში შესვლასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სავალდებულო ხდება სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების, ისევე, როგორც მაცივარაგენტების შეძენა-გასხვისების, აღრიცხვა ელექტრონულ ჟურნალში, რაც ურთულესი გამოწვევაა სამაცივრო ტექნიკის, ჰაერის კონდიცირებისა და თბური ტუმბოების სექტორისათვის, რომლის გადაწყვეტაში ასოციაციის როლი უმნიშვნელოვანესია.
ყრილობამ დაადგინა:
- ასოციაციის პრეზიდენტის საანგარიშო მოხსენება შეფასდეს დადებითად.
- ასოციაციის გამგეობის წევრთა რიცხვი გაიზარდოს 5-დან 9-მდე.
- დაწესდეს წლიური საწევრო გადასახადი შემდეგი ოდენობით:
- ასოციაციის კოლექტიური წევრი - 500 ლარი
- ინდივიდუალური წევრი 30 წელზე მეტი ასაკის - 100 ლარი
- ინდივიდუალური წევრი 25-დან 30 წლამდე ასაკის - 50 ლარი
- საწევრო გადასახადის ვალდებულება არ ვრცელდება ასოციაციის საპატიო წევრებზე და 25 წლამდე ასაკის პირებზე
ჩამოყალიბდა სექტორის განვითარების შემდეგი ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი და კონტრქმედება:
- სექტორში დაკავებულ პირთა შორის სუსტი კომუნიკაცია.
ინფორმაციის გაცვლის საუკეთესო შესაძლებლობაა ჩვენი ასოციაცია;
- არც ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორში და არც ეროვნულ კვალიფიკაციათა ჩარჩოში არ არის მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების სპეციალისტის პროფესია.
მეტი და აქტიური ჩართულობაა საჭირო სექტორთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დოკუმენტების შემუშავებაში;
- მოსახლეობის ინფორმირებულობის ძალიან დაბალი ხარისხი.
სექტორში დაკავებულმა თითოეულმა მომსახურების ცენტრმა და ინდივიდუალურმა ტექნიკოსმა უნდა აიღოს თავის თავზე საბოლოო მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება სექტორში მიმდინარე პროცესებზე;
- უნდობლობა ადგილობრივი სპეციალისტების მიმართ და უცხოელი სპეციალისტებისათვის უპირატესობის მინიჭება, მაშინაც კი, როდესაც ჩამოსულთა კვალიფიკაცია ეჭვს იწვევს.
ეროვნული რეგულირების მოთხოვნები ერთნაირად უნდა ვრცელდებოდეს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებზე. ამის მიღწევის აუცილებელი პირობაა სექტორის წარმომადგენელთა აქტიური პოზიცია.
- სახელმწიფო შესყიდვებში სექტორის თავისებურობების გაუთვალისწინებლობა.
დასახვეწია სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების მოწყობილობების და თბური ტუმბოების, აგრეთვე მათი მომსახურების შესყიდვის პირობები და ხელშეკრულებები;
ა(ა)იპ „საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის“ მე-VII ყრილობამ ჩაიარა საქმიან, კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემის გარემოში.